
შენ ხარ, ის რასაც სვამ. არ გჯერათ? გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს წყალი ადამიანის ორგანიზმზე:
არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასუფთავებს ნარჩენებისგან, საკვები ნივთიერებების „გადამზიდია“ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული უჯრედის ფუნქციონირებისათვის. ადამიანის სხეულის, დაახლოებით, 60 პროცენტი წყალია, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი კიდევ უფრო მეტისგან შედგება: თქვენი ტვინის 70 პროცენტი, თქვენი სისხლის 80 პროცენტი, თქვენი ფილტვების 90 პროცენტი!
მიუხედავად, ამისა, ყოველდღურობაში წყლის ხარისხს დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ, თუმცა მის გაწმენდაზე ზრუნვა ჯერ კიდევ უძველეს ცივილიზაციებში დაიწყეს.
მართალია, მათ მიერ შემუშავებული მეთოდები დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან გასათავისუფლებლად საკმარისი არ იყო, მაგრამ ფილტრაციასა და დეკომენტამინაციას აქტიურად იყენებდნენ კუნძულ კრეტაზე, ინდიის ხეობაში, აგრეთვე, მესოპოტამიელები, ეგვიპტელები და ჩინელები.
ბოლო ორასი წლის განმავლობაში, ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა:
1. დიდი ძალისხმევის შედეგად კაცობრიობამ წყლის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესება შეძლო.
2. მთელ მსოფლიოში, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. მთელი მსოფლიოს სიცოცხლის ხანგრძლივობის ისტორიული ტენდენციები აჩვენებს, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას დროთა განმავლობაში. განსაკუთრებით, გასული საუკუნის დასაწყისიდან (სურათი 1 ა, 2021 წლის 8 მარტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა). გარდა ამისა, იზრდება 65 წელს გადაცილებულთა პროცენტული მაჩვენებელი (სურათი 1ბ, მსოფლიო ბანკის მონაცემები). დემოგრაფების, ეპიდემიოლოგებისა და სხვათა მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სავარაუდოა, ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდა.
რა კავშირშია ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან? კვლევები ადასტურებს, რომ წყალი გავლენას ახდენს ადამიანის ავადობასა და სიკვდილიანობაზე. მეორე მხრივ, სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ჯანმრთელობის მაჩვენებელი, რომელიც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მაშ, რა წილი აქვს წყალს ამ ყველაფერში? ამ შეკითხვაზე პასუხის საპოვნელად არაერთი წიგნი და მიმოხილვა დაიწერა:
წყლის მიწოდება და ხარისხი პრეისტორიული პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე (დაახლ. ძვ. წ. 3200 – ახ.წ. 1400 წ.)
პრეისტორიული ცივილიზაციების უმეტესობა განვითარდა და აყვავდა მდინარეების და ტბების მახლობლად, სადაც სასმელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წყლის მიწოდება იყო შესაძლებელი (მაგ. აზიის მდინარეები ტიგროსისა და ევფრატის მახლობლად, ეგვიპტელები ნილოსთან ახლოს აფრიკაში, ინდოელები მდინარე ინდუსთან ახლოს და ჩინელები)
წყლის დამუშავებისა და გაწმენდის შესახებ შემორჩენილი მტკიცებულება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლით თარიღდება. ამ მეთოდებმა გააუმჯობესა წყლის გემო, თუმცა, მათ არაფერი იცოდნენ მიკრო და მაკრო-პარაზიტების შესახებ, შესაბამისად მათი მეთოდები დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან გასათავისუფლებლად საკმარისი არ იყო.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე, 4000 და ახ.წ. 1000 წელს შემუშავდა წყლის დამუშავების რამდენიმე მოწყობილობა და გაწმენდისათვის ბუნებრივი მინერალების გამოყენება დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ სოფლის მეურნეობას, შემგროვებლობასა და მეცხოველეობას მიჰყო ხელი, გაჩნდა ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ჯილეხი, ჩუტყვავილა, ტუბერკულიოზი, ბრუცელოზი.
ისტორიული დრო (დაახლ. ძვ. წ. 490 – ახ.წ. 330 წ.)
ჩვენს დროში, ისევე როგორც პრეისტორიულ პერიოდში, მდინარეები და ტბები გამოიყენებოდა არა მხოლოდ წყალმომარაგებისთვის, არამედ თევზჭერისა და ნადირობისთვის. ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს თანახმად, თევზი მზეზე ხმებოდა,იშლებოდა, ფქვილში ახვევდნენ, შემდეგ კი ფუნთუშების ან ღვეზელების დასამზადებლად იყენებდნენ.
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები ამ პერიოდის განმავლობაში უკავშირდებოდა სასოფლო -სამეურნეო საქმიანობას, როგორც იტყობინება ჰეროდოტე ციტირებით: ხორბალი გაშენებულია ნაკელით და, შესაბამისად, ხანმოკლე იქნება მისი სიცოცხლე, ვინც მას შეჭამს. გადამდები დაავადებების ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის სიმჭიდროვით, ინფექციური დაავადებებით, ნაწილობრივ დაბინძურებული წყლის გამოყენებით, რაც დაავადების გამომწვევი ორგანიზმების გავრცელების ხელშემწყობია.
არქაულ საბერძნეთში, ძვ.წ. 776 წლიდან, პრეისტორიული ხალხისგან განსხვავებით, იყვნენ ე.წ. ასკლეპიები, მედიცინის მცოდნენი, რომლებიც ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ, წყლის ხარისხის შემოწმების ჩათვლით. ძველი ბერძნები იყვნენ პირველები, ვინც წყლის ხარისხით დაინტერესდა. ჰიპოკრატემ, მედიცინის მამამ და მისმა მემკვიდრეებმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნეს წყლისა და სანიტარიის მნიშვნელობას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„ჰიპოკრატეს თხზულებათაგან“ ერთ-ერთი ტრაქტატი „ ჰაერი, წყალი და ადგილები“, რომელიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარშია დაწერილი, გახდა ფუნდამენტური ნაშრომი წყლის გავლენისა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ავტორი განიხილავს წყლის თვისებებს, მანვე შემოიღო წყლის ხარისხის განსაზღვრის კრიტერიუმები და შეიმუშავა გაწმენდის მეთოდი (Hippocrates Sleeve). ჰიპოკრატე პაციენტებთან სწორედ ამ მეთოდს იყენებდა. ის წყალს ადუღებდა და მის გასასუფთავებლად ქსოვილის კონუსურ ფილტრს იყენებდა. ასეთ წყალს ცუდი გემო და სუნი ჰქონდა. ამ რეკომენდაციების შემდეგ წყლის საგულდაგულო გამოკვლევა დაიწყეს რომშიც. აშკარა გახდა, რომ წყლის სისუფთავეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ხმელთაშუა ზღვისპირეთის ურბანიზაციისთვის. გაიაზრეს, რომ ეს იყო ისტორიული ქალაქების ( რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კართაგენის და სხვა) ზრდისა და განვითარების მთავარი პირობა. რომში დაიწყეს წყლისა და საკანლიზაციო სისტემების დაპროექტება.
შუა საუკუნეებში კი სანიტარული პირობების არარსებობამ ეპიდემიების რიცხვი გაზარდა. რომაელებისა და ბერძნების მიერ შემუშავებული სისტემები მკვეთრად გაუარესდა და მხოლოდ მე-19 საუკუნიდან, მეცნიერულმა ცოდნამ წინა პლანზე წამოსწია სუფთა წყლის მნიშვნელობა.
დღეს, კვლევები მოწმობს, რომ დაბინძურებული წყალი ადამიანის ჯანმრთელობას არათუ აზიანრებს, ფატალური შედეგის მიზეზიც კი ხდება. 2019 წელს Statista.com-ზე, გაეროს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივი მონიტორინგის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვიითაც, არასაიმედო წყალი კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე კატასტროფები და კონფლიქტები.